რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხი და ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები ტელეფონით განიხილეს.
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა "პრინციპული პოზიციები" წარადგინა აღნიშნულ თემებზე.
"აღნიშნულია NATO-ს მოუმზადებლობა, ადეკვატურად უპასუხოს რუსეთის საფუძვლიან შეშფოთებას, ამავე დროს, ის იმალება ალიანსის ე.წ. ღია კარის პოლიტიკის უკან, რომელიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტურ პრინციპს", - ნათქვამია კრემლის პრესრელიზში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის კაბინეტის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა რუსეთის ლიდერს განუცხადა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსი, რომლის წევრობის სურვილი შეიძლება გამოხატოს ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ:
"პრემიერმინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული აქტივობის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უფლებას თავდაცვაზე. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება".
პირველ თებერვალს ბორის ჯონსონი კიევში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პრესკონფერენციაზე ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააქტიურდება "მაშინვე, როგორც კი რუსი სამხედროები გადაწყვეტენ, გადაკვეთონ უკრაინის საზღვარი".